ეკა ბესელია: ვენეციის კომისიის დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური
„ეს დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის“, - ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც შეეხება უმრავლესობის მიერ დაწერილ კანონპროექტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ.
დეპუტატის განცხადებით, კომისიის დასკვნაში ასახულია, რომ ნდობა არ არსებობს, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ასევე საქართველოს პარლამენტის მიმართ.
მისივე შეფასებით, ხელისუფლება დღეს „ნაციონალური მოძრაობის" გზას მიჰყვება, რომელიც არ ითვალისწინებდა არც საზოგადოების აზრს და არც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უსმენდა:
„ეს დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის. ამაზე უფრო მტკივნეული, ამაზე უფრო მკვეთრი გაკრიტიკება იმ პროექტის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვაკრიტიკებთ სამართლიანად, წარმოუდგენელია. როდესაც ვენეციის კომისია გეუბნება, რომ ისეთი დაბალი ნდობა აქვს საზოგადოებაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ რეკომენდაცია გასცა ამ პარლამენტმა ყველა მოსამართლე ახლა არ აირჩიოს და ახალმა პარლამენტმა აიღოს ეს მანდატი, ეს ნიშნავს, რომ არამარტო საბჭოს, არამედ არც პარლამენტს აქვს ნდობა“.
17 აპრილს, საქართველოს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს. ამასთან, ბიუროს გადაწყვეტილებით, მეორე მოსმენით კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართება, რაც 18 აპრილს პარლამენტი მოისმენს სახალხო დამცველის სპეციალურ მოხსენებას.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების თაობაზე მმართველი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში იმსჯელებს.