ტრამპმა და პუტინმა განიხილეს ვენესუელის, ბირთვული შეთანხმების, მიულერის ანგარიშის საკითხები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 3 მაისს გამართულ სატელეფონო საუბარში რამდენიმე საკითხი განიხილეს. ეს მათი პირველი საუბარი იყო არგენტინაში შარშან გამართული დიდი ოცეულის სამიტის შემდეგ.
განხილულ საკითხებს შორის იყო ბირთვული იარაღის კონტროლი, ვენესუელა, ჩრდილოეთი კორეა და საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის ანგარიში 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ.
ტრამპი თეთრ სახლში ესაუბრა ჟურნალისტებს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, პეტერ პელეგრინისთან შეხვედრისას. "ჩვენ ვსაუბრობთ ბირთვულ შეთანხმებაზე, რომლის ფარგლებშიც ჩვენც ნაკლებს ვაწარმოებთ და ისინიც და შესაძლოა თავიდან მოვიშორებთ იმ ცეცხლის იმ უდიდესი შესაძლებლობების ნაწილს, რომელიც გვაქვს" - განაცხადა მან.
ტრამპის თქმით, სავაჭრო მოლაპარაკებებისას ჩინეთმა ძლიერად გამოხატა პოზიცია, რომ აშშ-სთან და რუსეთთან ერთად მასაც სურს ბირთვული იარაღის შეზღუდვის ხელშეკრულების გაფორმება.
მანამდე, თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტრამპმა და პუტინმა განიხილეს ახალი, მრავალმხრივი ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივა აშშ-ს, რუსეთს და ჩინეთს შორის, ან უკვე არსებული, აშშ-რუსეთის სტრატეგიული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობა.