ზუგდიდის საოლქო კომისიაში დაპირისპირებაა - ოპოზიცია კომისიას კანონდარღვევაში ადანაშაულებს
ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიაში უკმაყოფილება მოჰყვა ამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადაცემას. კერძოდ, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, სიები კენჭისყრამდე 6 დღით ადრე გაიცა, როცა კანონის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა გაცემულიყო. საოლქო კომისიიდან გატანილია ასევე რეგისტრაციის ბეჭდები.
ადგილზე იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, ხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა. მათი განცხადებით, ეს არის არჩევნების გაყალბების მცდელობა. ოპოზიციის მერობის კანდიდატის შტაბის წარმომადგენლებსა და საოლქო კომისიის თავმჯდომარეს შორის ამ საკითხზე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. ოპოზიცია ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გათავისუფლებას ითხოვს. მირანდა მესხის განცხადებით კი, რამდენიმე უბანზე ამომრჩეველთა ერთიანი სიების სამაგიდო ვერსია დროზე ადრე იმ მიზეზით გასცეს, რომ მუნიციპალიტეტში 107 საარჩევნო უბანია და მათი მომსახურება ერთდროულად ვერ ესწრება. მანამდე მან განსხვავებული მიზეზი დაასახელა და თქვა, რომ სიები რამდენიმე საარჩევნო უბნისთვის შეცდომით გადაიცა.
„რამდენიმე უბანს ჰქონდა წაღებული. დაითვლიან, დალუქავენ პოლიეთილენის პარკებში და გავცემთ არაუგვიანეს 12 საათისა ბიულეტენის ბლოკნოტებთან სამართლებრივ აქტებთან და სპეციალურ კონვერტებთან ერთად. რაც შეეხება ბეჭდებს, ლუქებს და სხვა დანარჩენ ინვენტარს, გაცემულია მიღება-ჩაბარების აქტით, გაცემულია დალუქულ მდგომარეობაში, ოლქის ბეჭდით დამოწმებული, ხელმოწერით ხელმძღვანელი პირებისა, რასაც ვაკეთებდით პრაქტიკაში, გაგვიკეთებია. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ვინაიდან არის 107-უბნიანი ოლქი, ვერ ვახერხებთ ამდენი უბნის 12 საათის განმავლობაში მომსახურებას და ყველა ტიპის დოკუმენტის და ინვენტარის გაცემას“, - განაცხადა მირანდა მესხმა.
თინა ბოკუჩავას განმარტებით, ახლა ოლქის თავმჯდომარე თავის მართლებას ცდილობს, ეს მაშინ, როცა არამხოლოდ საარჩევნო კოდექსია დარღვეული, მისი მოქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. „დღეს ჩვენ შევძელით და აღვკვეთეთ ძალიან სერიოზული გაყალბების სქემა. ეს მოხდა იმიტომ, რომ გვყავს უპრეცედენტოდ მობილიზებული დამკვირვებლები და წარმომადგენლები ყველა საარჩევნო უბანზე", - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
დამკვირვებლები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ჯერ კომენტარს არ აკეთებენ. საოლქო კომისიაში ამ წუთებში ითვლიან უბნებიდან დაბრუნებულ სიებს.