სააკაშვილი: მხარს ვუჭერ სანდრას მოწოდებას, გავიდეს და მოიაროს საქართველოს თითოეული ქალაქი
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში საქართველოში "არჩევნები გაუქმდა" და დასძენს, რომ მხარს უჭერს სანდრა რულოვსის მოწოდებას, "გავიდეს და მოიაროს საქართველოს თითოეული ქალაქი".
"იმისათვის, რომ ჩვენ ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები საქართველოს რომელიმე ცალკე აღებულ პუნქტში, ან ქვეყნის მასშტაბით, ერთადერთი მეთოდი არის ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის მოშორება. მეტი გზა არჩევნების ჩატარების, მეგობრებო, ფიზიკურად და თეორიულადაც არ არსებობს. ჯერ შორდება ივანიშვილი, და მერე არის არჩევნები. ივანიშვილი და არჩევნები ერთად საქართველოში არის შეუთავსებელი. ეს მე შემეძლო გადმომეცა ხელისუფლება მშვიდობიანად, ეს კაცი არაფრის გადმოცემას არ აპირებს არც ერთი ფორმით" - აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ მხარს უჭერს სანდრა რულოვსის მოწოდებას "გახვიდეთ და მოიაროთ საქართველოს თითოეული ქალაქი, ქუჩა და უბანი".
"ჩვენ სხვა რამ გვჭირდება ხარისხობრივად, ეს აღარ არის გასული წლის ნოემბერი, როცა მივიღეთ რაც იყო, ცოტა ვიბუზღუნეთ და დავიშალეთ. ბრძოლა გამარჯვებამდე" - აცხადებს ექსპრეზიდენტი.
მანამდე ზუგდიდის მერობის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა. "თუ ისინი გამოაცხადებენ პირველ ტურს მოგებულს, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს“ - განაცხადა რულოვსმა.
პარლამენტის სპიკერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში მმართველი პარტიის კანდიდატი, გეგა შენგელია იმარჯვებს, ხმათა 54.08 პროცენტით.