ჩეჩნეთის ტელევიზიამ აჩვენა 46-წუთიანი სიუჟეტი, როგორ იხდის ბოდიშს მოზარდი მთავრობის გაკრიტიკებისათვის
ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა სიუჟეტი ადგილობრივ მოზარდზე, რომელიც თვალცრემლიანი იხდის ბოდიშს ინსტაგრამში ხელისუფლების გაკრიტიკებისათვის.
26 ივლისს ნაჩვენებმა სიუჟეტმა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი-ს ყურადღება მიიპყრო.
მასალა სათაურით „ექსტრემისტული კომენტარი და მისი შედეგები“ ეძღვნება ტექსტებს, რომლებიც 16 წლის მაგომედ ახმატოვმა გამოაქვეყნა. ბიჭი დასცინის ახმატ კადიროვის სახელობის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობას და „ხროვად“ მოიხსენიებს რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვას.
ბოდიშის მოხდისას, ახმატოვი ყვება, რომ დაუჯერა იმათ, ვინც ევროპასა და სირიაში ცხოვრობს და დაწერა ის, რაც არ არსებობს.
ჩეჩნეთის ხელისუფლებისათვის ბოდიშის მოხის შემდეგ, ის ისმენს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მუფთის საყვედურებს. აჩვენებენ ვინმე იბრაგიმ ბერსანოვსაც, რომელსაც ახმატოვის მეგობრად მოიხსენიებენ. ბერსანოვი ყვება, რომ მისი მეგობარი „მთელი დღეები არ გამოდიოდა სახლიდან“. „ეს უკვე სიგნალი იყო“ - ასეთია კადრს მიღმა კომენტარი.
ბოლოს აჩვენებენ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის საუბარს მთავრობის წევრთან, ჯამბულატ უმაროვთან. კადიროვი აცხადებს, რომ „ახალგაზრდებს შორის ექსტრემიზმის პროფილაქტიკა“ არის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება.