ჩიჩხიტურთან გზა 22-26 მაისს გაიყვანეს - DFRLab
„ექსპერტები მუშაობენ და ისინი გააგრძელებენ მუშაობას შემდგომი დღეების განმავლობაში, რათა მოამზადონ მასალა უშუალოდ კომისიის შემდგომი შეხვედრისათვისო“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე სამთავრობო კომისია უკვე 23 წელია მუშაობს. დღემდე ტერიტორიის 30 % დასაზუსტებელია, მათ შორის ის მონაკვეთიც, სადაც ისტორიული ძეგლი დავით გარეჯი მდებარეობს.
ერთ-ერთი სადავო საკითხი, რომელსაც ქართველი აქტივისტების უკმაყოფილება და საპროტესტო აქციები მოჰყვა მაისში ჩიჩხიტურის მონასტრის მიმდებარედ ბულდოზერების უწყვეტი მუშაობა იყო. სასულიერო პირები და სამოქალაქო აქტივისტები აცხადებდნენ, აზერბაიჯანული მხარე იქ გზას აშენებსო. ლაშა დარსალიას მტკიცებით, აზერბაიჯანული მხარე სამუშაოებს თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აწარმოებდა.
“ის, რაც არის საქართველოს კონტროლირებადი ან რაც არის სადავო ტერიტორია, აქ საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდებაო”, - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.
Digital Forensic Research Lab-მა გამოიკვლია აქტივისტ დავით ქაცარავას მიერ ივლისში გადაღებულ ფოტო, რომელიც ჩიჩხიტურის მიმდებარედ გზის მშენებლობას ასახავდა.
მათ ამ ფოტოზე ასახული გზის გეოლოკაცია მოახერხეს და სატელიტზე მისი მშენებლობის პროცესი გამოიკვლიეს. ამ კვლევის მიხედვით გზის მშენებლობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 2019 წლის 22 მაისისთვის დაიწყო და ოთხ დღეში დამთავრდა.
მშენებლობის პროექტის სტატუსი 26 მაისიდან არ შეცვლილა, რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მას შემდეგ იქ არაფერი გაკეთებულაო - ნათქვამია კვლევაში.