უკრაინა: პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა ოლექსი ჰონჩარუკის კანდიდატურა
29 აგვისტოს, უკრაინის ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის პირველ დღეს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა ოლექსი ჰონჩარუკის კანდიდატურა.
როგორც დადგენილების პროექტშია ნათქვამი, ჰონჩარუკის კანდიდატურა წამოაყენა ზელენსკის ფრაქცია „ხალხის მსახურმა“. მას პარლამენტში უმრავლესობა მოეპოვება და, კონსტიტუციის მიხედვით, მმართველი კოალიციის ფუნქციას ასრულებს.
მანამდე გადადგა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვოლოდიმირ ჰროისმანის კაბინეტი.
ჰონჩარუკი 35 წლისაა. მას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია. განათლებით იურისტია. 2013-2014 წლებში მაიდნის მონაწილეებს ეხმარებოდა საკუთარი უფლებების დაცვაში. 2015 წელს ის ხელმძღვანელობდა ეფექტური რეაგირების ანალიტიკურ ცენტრ BRDO-ს. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, მუშაობს წინადადებებზე, რომლებიც ეკონომიკაში სახელმწიფო რეგულირების სისტემის გამარტივებისკენაა მიმართული.
უკრაინის პარლამენტმა აირჩია ახალი თავმჯდომარეც. უმაღლესი რადის სპიკერი გახდა პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დმიტრი რაზუმკოვი.
კიევში დღეს გაიხსნა ახალი მეცხრე მოწვევის უმაღლესი რადის პირველი სხდომა.