ოპოზიციის ლიდერი ბელარუსში მეთვალყურეთა გაგზავნას მოითხოვს, გაერო გამოდის ახალი „რკინის ფარდის“ შესახებ გაფრთხილებით
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია, მინსკისგან მოითხოვს, ნება დართოს ფაქტების დამდგენ საერთაშორისო მისიას, აღნუსხოს პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას და მისი მთავრობის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული სადავო არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლების დროს. ამის ფონზე გაერო გამოვიდა გაფრთხილებით ევროპაში „სხვა რკინის ფარდის“ შესაძლებლობის შესახებ.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის საგანგებო სესიისთვის მიმართვის დროს, 18 სექტემბერს, ციხანოუსკაია, რომელიც ლიეტუვიდან ტელეხიდის საშუალებით ჩაერთო, გამოვიდა მოწოდებით, რომ დასრულდეს ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან ძალადობა საპროტესო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ და ჩატარდეს ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
სესია ჩატარდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უარს ამბობს ბელარუსის პრეზიდენტად ლუკაშენკას აღიარებაზე მას მერე, რაც ვადა გაუვა მის პრეზიდენტობას ნოემბერში და არ ცნობს 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს, მიჩნეულს დასავლეთის და ოპოზიციის მიერ გაყალბებულად.
„ნუ დავუშვებთ სხვა რკინის ფარდის ჩამოფარებას ევროპის კონტინენტზე“, განაცხადა ანაის მარინმა, გაეროს საგანგებო მომხსენებელმა ბელარუსში ადამიანის უფლების მდგომარების შესახებ და ვითარებას ბელარუსში „კატასტროფული“ უწოდა.
ბელარუსის ელჩმა გაეროს ჟენევის ოფისში, იური ამბრაზევიჩმა განაცხადა, რომ მიუღებელია გაეროს უწყების გამოყენება ბელარუსის არჩევნებში ჩარევის მიზნით. მან მოითხოვა ციხანოუსკაის გამოსვლის ტრანსლირების შეწყვეტა, განაცხადა რა, რომ ამას საგანგებო შეხვედრის პროცედურა არ ითვალისწინებდა. მანვე თქვა, რომ ბელარუსში არ არიან პოლიტიკური პატიმრები და უარყო ბრალდება სექსუალური ძალადობის შესახებ აქციების დაკავებული მონაწილეების მიმართ.
ბელარუსის შესახებ დებატების შეწყვეტა მოითხოვეს ასევე რუსეთმა, ჩინეთმა და ვენესუელამ.
17 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ბელარუსში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების შესწავლა დაიწყო ეუთომ. კომისიამ, რომელშიც ევროპის 15 ქვეყნის წარმომადგენლები და, მათთან ერთად, კანადა და აშშ შედიან, ორ თვეში უნდა წარადგინოს დასკვნა.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა 9 აგვისტოს. მასში ოფიციალურ გამარჯვებულად გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა. შედეგებს არ იზიარებენ ბელარუსის ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც თვლიან, რომ არჩევნები გაყალბდა. კენჭისყრის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები, რომელთაც მთავრობა ძალით ახშობს. დაკავებულია ათასობით ადამიანი. ოპოზიციის ლიდერები აიძულეს, ქვეყანა დაეტოვებინათ, ან დააპატიმრეს.