თბილისში, უკრაინის საელჩოსთან აქცია გაიმართა
თბილისში, უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდასაჭერად სპონტანურად დაგეგმილი აქცია გაიმართა, რომელშიც ქართველებთან ერთად აქ მცხოვრები უკრაინის და რუსეთის მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ.
აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაეჭირა ამ გადაწყვეტილებისთვის და შემდეგ კი მოეხდინა ორივე "რესპუბლიკასთან" მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია.
"მთელი ღამე ვტიროდი იმის გამო, რაც მოხდა. რუსეთის პრეზიდენტი ყველანაირ საერთაშორისო სამართლის ნორმას არღვევს. მრცხვენია იმის გამო, რაც ხდება. მრცხვენია ადამიანების, ჩემი მეგობრების საქართველოსა და უკრაინაში. აქცია იმის გამო დავგეგმეთ, რომ არ შემიძლია უბრალოდ ვიჯდე სახლში და ვუყურო, რა ხდება ჩვენს თავს", - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ალინა საიცევამ.
"ეს ძალიან ძველი, პროგნიზირებადი ისტორიაა, რომელიც გაცილებით ადრე დაიწყო, სანამ რუსეთი უკრაინასთან ომს დაიწყებდა. იმავენაირად მოიქცა რუსეთი ცხინვალის რეგიონში, სცენარი იგივეა", - გვითხრა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ალექსეი ბობროვნიკოვმა.
"საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები", "ორი ქვეყანა, ერთი არჩევანით" - ეწერა აქციაზე მყოფი ადამიანების საპროტესტო ბანერებზე.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატამ 22 თებერვალს ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რუსეთსა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს შორის „მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულებებს, რომლებიც წინა ღამით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით შევიდა სახელმწიფო დუმაში.
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 400-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა და თავი არავის შეუკავებია.
შეთანხმებები დაიდო 10 წლის ვადით, ხუთწლიანი პერიოდით ავტომატური განახლების შესაძლებლობით.