სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი მკურნალობა მხოლოდ პენიტენციური დაწესებულებების გარეთ შეიძლება
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც კვლავ შიმშილობა გამოაცხადა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერილს აქვეყნებს. ის აცხადებს, რომ მისი მკურნალობა ვერ მოხდება ვერც პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში და ვერც გორის ჰოსპიტალში.
„მეგობრებო, გაუგებრობა რომ არ იყოს. მე ამ ეტაპზე მხოლოდ იმას კი არ ვითხოვ, რომ ჩემთან ექიმები დაუშვან... ექიმებმა, სამივე კონსილიუმმა და ასევე, ციხის მიერ მოწვეულმა ნევროლოგმა, თამარ აბაშიძემ დიაგნოზი უკვე დამისვეს გარდაუვალ ინვალიდიზაციაზე და ამას უნდა დაუყოვნებლივ მკურნალობა. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ პენიტენციური სამსახურის დაწესებულებების გარეთ, მათ შორის, ეს მკურნალობა ვერ მოხდება ვერც გორის ჰოსპიტალში, საიდანაც რუსთავის ციხეში უარეს მდგომარეობაში მყოფი დამაბრუნეს, ვიდრე აქედან გამიყვანეს", - ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც „ფეისბუკზე", მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 21 თებერვალს ისევ გამოაცხადა.
ეს სააკაშვილის მიერ პატიმრობის დროს შიმშილობის გამოცხადების მეორე შემთხვევაა. იგი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და ამ დღიდან შიმშილობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური სამსახურის კლინიკაში გადაიყვანეს.
შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა. დეკემბრის ბოლოს ის ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნეს.
ადვოკატები ამბობენ, რომ რუსთავში დაბრუნების შემდეგ, სააკაშვილთან არ უშვებენ მის მკურნალ ექიმსა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს.