რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ლისინი: მეტია, ვიდრე მორიგი ეკონომიკური კრიზისი
ნოვოლიპეცკის რკინისა და ფოლადის საწარმოს მთავარმა აქციონერმა ვლადიმერ ლისინმა უკრაინის ომთან და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს ეკონომიკურ კრიზისზე მეტია“. აღნიშნულის შესახებ epravda იუწყება.
ლისინი მიიჩნევს, რომ მთავარი საკითხი არა განვითარება, არამედ ბიზნესის გადარჩენაა.
„წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მიწოდების ჯაჭვები ნადგურდება, ლოგისტიკა, საგადამხდელო და ფინანსური ინფრასტრუქტურა იშლება. ამ ფონზე ყოველდღიურად იცვლება თამაშის წესები, ჩნდება ახალი შეზღუდვები“, – აცხადებს ლისინი.
ლისინის თქმით, შემაშფოთებელია რუსეთის ფედერაციის მიერ შემოღებული ზოგიერთი ინიციატივა. ასეთ ინიციატივებს შორის ოლიგარქი ასახელებს საექსპორტო საქონლის სიის გაფართოებას, რომელიც სავარაუდოდ რუბლში უნდა გაიყიდოს.
„იდეა ისაა, რომ შეგიძლიათ დაიწყოთ სასუქების, მარცვლეულის, ზეთის, ლითონების, ხე-ტყის, სხვა რამის გაყიდვა რუბლით. არ ვიცი, იქნებ გაზით გამოვიდეს რამე, მაგრამ დანარჩენი? ლოგისტიკურმა პრობლემებმა უკვე გაართულა მიწოდება“, – განაცხადა ოლიგარქმა.
ლისინი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში ბიზნესს და ხალხს ახალ პირობებთან ადაპტაციის საშუალება უნდა მიეცეს.
„არსებული ვითარება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მორიგი ეკონომიკური კრიზისი, რომლის წინაშე ჩვენ აღმოვჩნდით. ის მოითხოვს ბევრად უფრო სერიოზულ მიდგომას და დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღებას“, – დასძინა ლისინმა.