საპატრიარქო ერეკლე II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის
საქართველოს საპატრიარქო მეფე ერეკლე მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გამართვას აანონსებს - საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, პანაშვიდს 4 ივნისს სვეტიცხოვლის ტაძარში გადაიხდიან. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, ამავე დღეს აღესრულება წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი.
"გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს“, - წერს საპატრიარქო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
ბოლო დღეებში ერეკლე მეფესთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობის ფონია ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის მიერ მის შესახებ ნათქვამი ფრაზა. ბერძენიშვილმა ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც თავად გახდა კრიტიკის სამიზნე - გავრცელდა პეტიცია, რომელზე ხელის მომწერნიც ითხოვენ აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის; თელავში კი ერეკლე მეორის მხარდასაჭერად საჯარო მოხელეების მონაწილეობით გაიმართა აქცია.