ნინო წილოსანი კელი დეგნანისგან "უფრო ობიექტურ და სამართლიან" პასუხს ითხოვს
ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის კომენტარს ეხმაურება, რომელიც მან მმართველი გუნდიდან ცოტა ხნის წინ წასული დეპუტატების განცხადების თაობაზე გააკეთა - წილოსანი ამბობს, რომ „უფრო მისაღები იქნებოდა, კელი დეგნანს კითხვებზე რომ "სამართლიანი პასუხი გაეცაო":
„უფრო მარტივი და მისაღები იქნება, თუ მათ მიერ დასმულ კითხვებზე იქნება ძალიან ობიექტური და სამართლიანი პასუხები გაცემული. ასევე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები იქნებიან, თუ მათი დიპლომატიური წარმომადგენლები, სრულად გაემიჯნებიან და ემიჯნებიან იმ დესტრუქციულ თუ რევოლუციურ სცენარებს, რომლებიც, შეიძლება, ოპოზიციის თუ მათი სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან ისმოდეს“, -განაცხადა ნინო წილოსანმა ჟურნალსტებთან საუბრისას 10 ივლისს.
წილოსანის სიტყვებით, პოლარიზაცია ოპოზიციის „რადიკალური წარმომადგენლებისგან“ იღებს საფუძველს. ხელისუფლება კი „ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს სამომავლოდ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს“.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ყოფილმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა, აშშ-ს ელჩს საქართველოში საყვედურის წერილი მისწერა და აღნიშნა, რომ საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური (ეფესბე) სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმის. მიხეილ ყაველაშვილის წერილი კვლავ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კელი დეგნანმა ყაველაშვილის წერილის შესახებ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, ბოლომდე ვერ წაიკითა, თუმცა „იქ ნამდვილად არ ჩანდა, ეს რას ემსახურება. ავტორი ალბათ ვერ ხედავს, რომ აშშ მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს ხალხს“.
დეგნანმა ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, პარლამენტარის ნარატივი რაღაცნაირად ეხმაურება პარტიის წევრების ნარატივსაც, ომში ჩართვასთან დაკავშირებით.
დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი "ქართული ოცნების" რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად ამ დეპუტატებს "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" აქვთ დასახელებული.