უკრაინის დაზვერვის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში ფარულმა მობილიზაციამ მოსკოვსა და პეტერბურგამდე მიაღწია
რუსეთი გეგმავს ყირიმის დაცვის გაძლიერებას მოსკოველების, პეტერბურგელებისა და წვევამდელების საშუალებით, იტყობინება „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის დაზვერვის უწყების მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც აქვეყნებს თავდაცვის სამინისტრო.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მონაცემების თანახმად, მოსკოვისა და ლენინგრადის ოლქების სამხედრო კომისარიატებმა, მათ შორის თვითონ რუსეთის დედაქალაქისა და სანქტ-პეტერბურგის ჩათვლით, მიიღეს მითითება ადგილობრივი მოსახლეობის სამხედრო სამსახურში მასობრივი გაწვევის შესახებ.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მონაცემებით, ყირიმში განლაგებული რუსეთის სამხედრო ნაწილები ფარული მობილიზაციის დროს გაწვეული მოსკოველებისა და პეტერბურგელებისაგან იქნება დაკომპლექტებული. ამას გარდა, რუსეთის ფედერაციიდან ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო ნაწილების შესავსებად და ყირიმის ნახევარკუნძულის თავდაცვის გასაძლიერებლად, სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურმა, არმიის გენერალმა, ალექსანდრე დვორნიკოვმა, მიიღო გადაწყვეტილება ყირიმში 1200 წვევამდელის გაგზავნის შესახებ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო განყოფილების თანახმად, "იმდენად, რამდენადაც ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯერ არ ტარდება საომარი მოქმედებები, ამ სამხედროებს არ სთავაზობენ კონტრაქტზე ხელის მოწერას, რაც სავარაუდოდ, ხარჯების დაზოგვასა და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა შემწეობის გადახდის სურვილის არარსებობისკენ მიუთითებს,“ იტყობინება დაზვერვის უწყება და გვამცნობს, რომ წვევამდელის ხელფასი 5000 რუბლს შეადგენს (დაახლოებით 82 ამერიკული დოლარი).
უკრაინული უწყების დასკვნით, რუსეთის მიერ სახელმწიფო სახსრების დაზოგვა ასევე მოხდება სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის შემდეგ კომპენსაციის გადაუხდელობითაც, რადგან რუსეთის ფედერაცია უარყოფს წვევამდელების მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში, წერს „უკრაინსკაია პრავდა“