გოგაშვილი: ვუსმენდით და უსმენენ ყველას, ერთდროულად 100 ათასი კაცის მოსმენა შეიძლება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება მასობრივად და უკანონოდ უსმენს ადამიანების პირად კომუნიკაციას. მისი სახელით გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში ნათქვამია, რომ ამ პროცესში ჩართულია სხვადასხვა საგამოძიებო უწყება.
"მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ "ოცნების" მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა "ნაცების" პერიოდს. ვუსმენდით და უსმენენ ყველას, მომხრეებს, მოწინააღმდეგეებს, განურჩევლად პოლიტიკური, რელიგიური და ა.შ მრწამსისა. ისმინება არამხოლოდ ე.წ. მთავარი ობიექტი, არამედ მისი ოჯახის წევრები და გარემოცვა, რადგან ყველა ერიდება [საკუთარ] ტელეფონში რაიმე მნიშვნელოვანის თქმას", - წერია გოგაშვილის მიმართვაში.
ამავე პოსტში უკანონო მიყურადების მასშტაბებზეც არის საუბარი.
"[ბიძინა] ივანიშვილი [მმართველი პარტიის დამფუძნებელი] მოსმენებისთვის იყენებს არამარტო სუს-ს, არამედ შსს, თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალურ პოლიციას, დაზვერვასა და პროკურატურას. საბოლოოდ, უკანონო მოსმენებს ახორციელებს დაახლოებით 2000 ოპერატიული მუშაკი. თითოეულ მათგანს საშუალოდ ჩართული ჰყავს 50 ობიექტი, ერთდროულად შესაძლებელია დაახლოებით 100 000 ადამიანის მოსმენა...
ივანიშვილმა ამ ბინძურ საქმეში ჩაგვრთო და გაგვსვარა ყველა პრემიერიდან დაწყებული რიგითი ოტოშნიკით დამთავრებული. რა თქმა უნდა ამ ყველაფრის დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს, არიან ადამიანები, ვინც ამას დაადასტურებენ", - წერია პოსტში.
სახელმწიფო უწყებების სახელით სოსო გოგაშვილის მხრიდან გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებები არ ვრცელდება. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომლის ხელმძღვანელობის დროსაც სუსში გოგაშვილი მისი მოადგილე იყო, 19 აგვისტოს თქვა, რომ "კარგად ჩანს, მისმა ქმედებებმა სადამდეც მიიყვანა".
"სოსო გოგაშვილზე გული მწყდება. 2013 წელი იყო რომ გავიცანი და წამოვიყვანე. ის იყო რიგით თანამდებობაზე, მე მაშინ მოადგილე ვიყავი, ირაკლი ღარიბაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. მას ვთხოვე და ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე. ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე. თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე. ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც, ისე დავახლოვდით და ახლა ის აცხადებს, სამწუხაროდ, თურმე სამი წელი იდგა და აგროვებდა ჩემზე კომპრომატებს, ჩვენს გუნდზე კომპრომატებს.
2018 წელს მოხდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. რატომ მოხდა, თვითონ კარგად იცის. არაერთხელ დამიცვია გუნდისგან. ახლა არ ვიტყვი. ორჯერ გითხარით, რომ არ ვიტყვი [ეუბნება ჟურნალისტს]..." - თქვა გომელაურმა მაშინ.
საზოგადოებაში მასობრივ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2021 წლის 13 სექტემბერს "სუსის ფაილების" სახელით ასობით დოკუმენტი გავრცელდა. მათი დიდი ნაწილი სასულიერო პირების კომუნიკაციას ასახავდა. ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებდნენ ამ ფაილებში ნახსენები ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტებიც.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
გოგაშვილმა დაკავებამდე "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ფლობდა ხელისუფლების მამხილებელ ინფორმაციას. მისი სახელით "ფეისბუკზე" ასევე დაიწერა არაერთი ბრალდება მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლის მოადგილედაც ის მუშაობდა. გოგაშვილმა ერთ-ერთ განცხადებაში ისიც თქვა, რომ უწყებიდან წამოსვლა, მტკიცებულებების მოგროვება და მხილება არჩია.