რუსული მედია: ლუკაშენკო მომავალი წლის გეგმების შესამუშავებლად პუტინთან შეხვედრას აპირებს
ბელორუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან ვიზიტის შესახებ განაცხადა.
ლუკაშენკოს თქმით, პუტინთან შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
„ჩვენ უახლოეს მომავალში კვლავ შევხვდებით ვლადიმერ პუტინს და საბოლოოდ შევაჯამებთ ამ წლის შედეგებს. ყოველ შემთხვევაში, დავგეგმავთ მომავალი წლის გეგმებს და ამოცანებს დავსახავთ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, სექტემბერში ლუკაშენკო რუსეთში პუტინთან შესახვედრად ჩაფრინდა. დიქტატორებმა ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს, სადაც ევროპას პატივისცემას სთხოვდნენ.
10 ოქტომბერს ლუკაშენკომ ბელორუსისა და რუსეთის ჯარების ერთობლივი ჯგუფის განლაგების შესახებ განაცხადა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლის ლიდერმა ლუკაშენკოს ულტიმატუმი წაუყენა.
ლუკაშენკომ პუტინს დაბადების დღეზე ტრაქტორი აჩუქა.