ICC ავღანეთში განაახლებს ომის დანაშაულთა გამოძიებას
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) თავის მთავარ პროკურორს ნებართვა მისცა განაახლოს გამოძიება ავღანეთში ჩადენილ შესაძლო სისასტიკეზე.
თავდაპირველი გამოძიება შეწყდა 2020 წლის დასაწყისში, როცა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილმა ავღანეთის ადმინისტრაციამ თავისი გამოძიების ჩატარება მოითხოვა - თუმცა 31 ოქტომბრით დათარიღებულ განცხადებაში ICC ამბობს, რომ ამჟამინდელი ლიდერები, თალიბანის წევრები - რომლებიც ქვეყანას დაეპატრონენ 2021 წლის აგვისტოს ბოლოს, იქიდან საერთაშორისო ძალების გასვლის ფონზე - "არანაირ ინტერესს არ ავლენენ" გამოძიების ჩატარების მიმართ.
"მოსამართლეებმა გაითვალისწინეს, რომ ავღანეთი ამჟამად არ აწარმოებს რეალურ გამოძიებას, ისეთს, რომელიც გაამართლებდა სასამართლოს გამოძიების გადადებას" - წერს ICC განცხადებაში.
2020 წელს მოსამართლეებმა გასცეს ნებართვა სრულმასშტაბიანი გამოძიების ჩატარებაზე იმის შესახებ, ჩადენილი იყო თუ არა ომის დანაშაულები ავღანეთში თალიბანის, ავღანეთის არმიის, ან აშშ-ის ძალების მიერ.
ამის გამო აშშ-მა - რომელიც არასოდეს გაწევრიანებულა ICC-ში - სანქციები დაუწესა სასამართლოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ფატუ ბენსუდას.
ამჟამინდელმა მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა შარშან თქვა, რომ აშშ-ს გამოტოვებდა გამოძიებიდან, რადგან "ყველაზე მძიმე დანაშაულები" თალიბანის და ექსტრემისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ძალებმა ჩაიდინეს. უფლებადამცველმა ჯგუფებმა გააკრიტიკეს ეს გადაწყვეტილება.