ევროკომისარი: გაყინულია 17 მილიარდი ევროს ოდენობის რუსეთის ქონება
ევროკავშირმა გაყინა 17 მილიარდ ევრომდე ღირებულების რუსეთის ქონება, მას მერე, რაც მოსკოვი თებერვალში უკრაინაში შეიჭრა, ამბობს ევროკავშირის იუსტიციის კომისარი დიდიე რეინდერსი 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
ესაა გაზრდილი მაჩვენებელი დაახლოებით 13,8 მილიარდ ევროსთან შედარებით, რომელზეც რეინდერსი ივლისში ლაპარაკობდა და აცხადებდა, რომ "ოლიგარქებისა და სხვა უწყებების" ქონება ევროკავშირმა ძირითადად ხუთ ქვეყანაში დაბლოკა.
"ჯერჯერობით გაყინულია 90 პირის ქონება, 17 მილიარდი ევრო შვიდ წევრ სახელმწიფოში, მათ შორის 2,2 მილიარდი ევრო გერმანიაში", - უთხრა რეინდერსმა მედიაკომპანია Funke-ს.
უკრაინის ოფიციალური პირები გამოდიან მოწოდებით, გაყინული ქონება გამოყენებულ იქნეს მათი ქვეყნის აღსადგენად, ომის შემდეგ. "თუ ეს არის დანაშაულებრივი ფული, რომლის კონფისკაციაც ევროკავშირმა მოახდინა, შესაძლებელია, ის გადაირიცხოს უკრაინის კომპენსაციის ფონდში", - ამბობს რეინდერსი ინტერვიუში და დასძენს, რომ ეს თანხა არ იქნება საკმარისი რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად.