პესკოვს ეჭვი ეპარება, „მარცვლეულის შეთანხმება“ რუსეთის მონაწილეობის გარეშე განხორციელდეს
რუსეთის მონაწილეობის გარეშე უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანის შეთანხმების რეალიზაცია ნაკლებმოსალოდნელია, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მანამდე თურქეთს პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა აღნიშნა, რომ „მარცვლეულის შეთანხმების“ ფარგლებში თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყოყმანობს“. ერდოანს სააგენტო "ანადოლუ" ციტირებს.
„იმ პირობებში, როდესაც რუსეთი საუბრობს ამ ტერიტორიებზე ნავიგაციის უსაფრთხოების გარანტიის შეუძლებლობაზე, ასეთი გარიგება ძნელად განხორციელებადია და ის სხვა ხასიათს იძენს: ბევრად უფრო სარისკოს, სახიფათოს და გარანტიების არმქონეს“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი სიტყვებით, უკრაინის მოქმედებებმა განაპირობა შეთანხმების ჩაშლა. თუმცა, კითხვაზე, დახურულია თუ არა უკვე შეთანხმება, პესკოვმა თქვა, რომ „კონტაქტები გრძელდება“. მანვე აღნიშნა, რომ არის მზად პასუხი გასცეს კითხვას, რა შეიძლება გახდეს რუსეთისთვის შეთანხმების გასაგრძელებელი წინაპირობა.
„ეს არ არის მარტივი [კითხვა]. შემიძლია მხოლოდ იმით შემოვიფარგლო, რომ კონტრაქტები გრძელდება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, შეთანხმების შეჩერების მიუხედავად, რუსეთი მზადაა, უღარიბეს ქვეყნებს მარცვლეულის მოცულობის შემცირების გამო კომპენსაცია მისცეს.
29 ოქტომბერს რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა „ტერორისტული შეტევა“ სევასტოპოლში მყოფ რუსულ სამხედრო და სამოქალაქო გემებზე, რის გამოც შეთანხმების შესრულებას აჩერებს. მანამდე რუსეთი სხვადასხვა საბაბით არაერთხელ დაიმუქრა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით.
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერებით, ფაქტობრივად, დაბლოკა 218 გემის გადაადგილება. სამინისტროს მონაცემებით, ამ გემებიდან 95 უკვე დატვირთულია, უკრაინის პორტები დატოვა და ინსპექტირებას ელოდება, 101 გემი ამ პროცედურას ელოდება უკრაინის პორტებში შესასვლელად, 22 კი - გასვლის მოლოდინშია.
სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ორშაბათს, ვაჭრობის დაწყებისას, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი 7.7%-ით გაიზარდა და ერთი ბუშელი თითქმის 9 დოლარი გახდა. მოგვიანებით სინგაპურის ბირჟაზე ხორბლის ფასის 5.6%-იანი მატება დაფიქსირდა. სიმინდი 2.8%-ით გაძვირდა, სოიოს ზეთი კი - 3%-ით.
Bloomberg-ი წერს, რომ ფასების ზრდის შენარჩუნება გამოიწვევს გლობალური ინფლაციის გაძლიერებას და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შიმშილის პრობლემას გაამწვავებს. სააგენტოს ინფორმაციით, „მარცვლეულის შეთანხმების“ ამოქმედებიდან სამ თვეში უკრაინიდან გავიდა 9 მილიონ ტონაზე მეტი ხორბალი და სხვა საკვები პროდუქტი, რამაც ხელი შეუწყო მანამდე გაზრდილი ფასების შემცირებასაც.
უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით უკრაინიდან მსოფლიოში ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.