პაატა ზაქარეიშვილი: აზროვნება, რომ „რაც უფრო გაუჭირდება უკრაინას, მით კარგია საქართველოსთვის“, არის მაროდიორული, ამორალური აზროვნება… გიორგი ხანიშვილს მაროდიორული აზროვნება აქვს
ხელისუფლების წარმომადგენლები არ ფიქრობენ, რას ლაპარაკობენ და თავიანთ სიხარულს აშკარად ავლენენ, რომ რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს ხეირი აქვს – გიორგი ხანიშვილს მაროდიორული აზროვნება აქვს. ის რომ ომში გაუშვა, მკვდარს ჩექმებს გახდის, ცარიელ სახლში შევა და გაძარცვავს და ბედნიერი იქნება, – ამის შესახებ ექსპერტმა, პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადება შეაფასა იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი რუსეთი უკრაინიდან ხორბლით დატვირთულ გემებს აღარ გამოატარებს, „საქართველოში ხორბლის გაცილებით დიდი ნაკადი წამოვა და ბევრად უფრო იაფი, რადგან რუსეთს წელს ხორბლის არნახული მარაგი აქვს“.
მისივე თქმით, მინისტრის მოადგილის სიტყვები დღევანდელი ხელისუფლების სახეა და ეს მისაღები ფორმაა მათთვის, რომ რაც უფრო გაუჭირდება უკრაინას, მით უფრო კარგია საქართველოსთვის.
„ისინი არ ფიქრობენ, რას ლაპარაკობენ და თავიანთ სიხარულს აშკარად ავლენენ, რომ რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს ხეირი აქვს. ტრაბახობენ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე და ა.შ. მე ამას მაროდიორულ ეკონომიკას ვეძახი. მაროდიორობა იცით რაც არის – როდესაც მკვდარს მინდორში ჩექმებს ხდიან და როცა მიტოვებულ სახლებს ძარცვავენ ანუ, ვიღაცის გაჭირვებაზე, ვიღაცის უბედურებაზე წარმოებული სიმდიდრე. ეს არის მარადიორობა. ამ კაცს აქვს მაროდიორული აზროვნება. ის რომ ომში გაუშვა, მკვდარს ჩექმებს გახდის და ბედნიერი იქნება და შევა ცარიელ სახლში და გაძარცვავს. ეს მისაღები ფორმაა მისთვის, რომ რაც უფრო გაუჭირდება უკრაინას, მით უფრო კარგია საქართველოსთვის. ეს არის რა თქმა უნდა, უკუღმართი აზროვნება, ამორალური აზროვნება. ეს არის საერთოდ ცივილიზაციიდან ამოვარდნა და ჩვენ არ ვართ ამ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. ამ კაცის სიტყვები არის დღევანდელი ხელისუფლების სახე,“ – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ნორმალური რომ იყოს, ამ სიტუაციაში, არა მარტო უკრაინის მიმართ, არამედ საქართველოს მიმართ უნდა იყოს სოლიდარული და უნდა ლაპარაკობდეს, რომ საქართველო ისეთივე დაზარალებულია, როგორც უკრაინა.
„დედამიწის ზურგზე ორად ორი სახელმწიფოა პუტინიზმისგან დაზიანებული. ეს არის პირველ რიგში, საქართველო და მეორე რიგში, უკრაინა. უკრაინამ უფრო დიდი მასშტაბები მიიღო. მასშტაბებია სხვა, თორემ მსხვერპლი, ხალხის ხოცვა ჩვენთან არანაკლები იყო,“ – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, გიორგი ხანიშვილს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას, წამყვანმა “მარცვლეულის შეთანხმებიდან” რუსეთის გასვლის კონტექსტში კითხვა დაუსვა, „ემზადებით თუ არა ყველაზე უარესი სცენარისთვის, როდესაც რუსეთი საბოლოოდ გამოიჯახუნებს კარს და დააპატიმრებს უკრაინული ხორბლით დატვირთულ გემებს?“
ხანიშვილის თქმით, თუკი რუსეთი „კარს გამოიჯახუნებს“ და მსოფლიოს უკრაინული ხორბალს არ მიაწვდის, საქართველოში გაცილებით იაფი ხორბალი წამოვა, რადგან თავად რუსეთს ხორბლის „არნახული მარაგი“ აქვს.
„მე პირიქით ვფიქრობ, რომ თუ რუსეთი ძალიან გამოიჯახუნებს კარებს და მსოფლიოს ხორბალს აღარ მიაწვდის, საქართველოში ხორბლის გაცილებით დიდი ნაკადი წამოვა და ბევრად უფრო იაფი იმიტომ, რომ რუსეთს მიმდინარე წელს აქვს ხორბლის არნახული მარაგი. მოსავალი, რომელიც მას ტრადიციულად ჰქონდა, ეს არს 75 მილიონი ტონა, ხოლო მიმდინარე წელს აქვს 110 მილიონი ტონა. დაახლოებით, 35 მილიონი ტონით მეტი ხორბალი, ვიდრე გასულ წლებში და ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული პერიოდი ხორბლის თვალსაზრისით, ჩემი აზრით, უკვე უკან უნდა იყოს დარჩენილი,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.