რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ პოტენციური "გლობალური ტირანიის" პრელუდიაა-ლოიდ ოსტინი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ საკუთარი მომავლის უზრუნველყოფის საქმეში უკრაინის წარუმატებლობამ
შეიძლება "ტირანიისა და არეულობის სამყარომდე" მიგვიყვანოს. ამის შესახებ ოსტინმა, 19 ნოემბერს, ჰალიფაქსში (კანადა) უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
"პუტინის თანამოაზრე ავტოკრატები აკვირდებიან. და მათ შეიძლება დაასკვნან, რომ ბირთვული იარაღის მოპოვება მათ ნადირობის საკუთარ ლიცენზიას მისცემს. და ამან შესაძლოა ბირთვული გავრცელების საშიში სპირალი გამოიწვიოს", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
მისი თქმით, რუსეთი არღვევს ომის კანონებს და "ეს არ არის მხოლოდ უმოქმედობა, ან წესებიდან გადახვევა, არამედ - მხეცობა".
ლოიდ ოსტინმა ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატები არ ჩაერთვება ომში, რაც რუსეთის პრეზიდენტის პუტინის არჩევანია, მაგრამ უზრუნველყოფს უკრაინის დახმარების გაგრძელებას.
"ჩვენ ვეხმარებით მათ გახდნენ უფრო მოქნილები და გამძლეები", - თქვა ლოიდ ოსტინმა.
15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის გადაუდებელი დახმარების გასაწევად კონგრესს 37 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფას სთხოვს.