სომხეთმა აზერბაიჯანი საზავო შეთანხმების მორიგ დარღვევაში დაადანაშაულა
სომხეთმა აზერბაიჯანს ბრალი დასდო საზავო შეთანხმების მორიგ დარღვევაში ორ ქვეყანას შორის საზღვრის გასწვრივ.
სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა 21 ნოემბერს განაცხადეს, რომ წუხელ აზერბაიჯანის ჯარებმა ცეცხლი გახსნეს სომხეთის პოზიციების მიმართულებით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. სამინისტროს თანახმად, 21 ნოემბერს დილით საზღვარზე ვითარება „შედარებით სტაბილურია“.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის განცხადება „დეზინფორმაციაა“.
სომხეთი და აზერბაიჯანი სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ ერთმანეთს საზღვრის გასწვრივ და მთლიანი ყარაბაღის კონფლიქტურ რეგიონში ზავის დარღვევასა და ვითარების ესკალაციაში.
ერევნის თანახმად, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში სომხეთის ორი ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა ორი ქვეყნის ჯარებს შორის საზღვარზე სროლის შედეგად. ორივე მხრიდან საერთო ჯამში 300-მდე სამხედრო დაიღუპა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სექტემბრის შუა რიცხვებში მომხდარ შეტაკებებში. ეს შეტაკებები ყველაზე მწვავე იყო 2020 წლის ომის შემდეგ, რომელსაც 7000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.