თამარ ივერი: მადლობელი ვარ, რომ თეა წულუკიანი მენდო და ასეთი დიდი პროექტი მომანდო
“ჩემს შვილებს განსაკუთრებულად პიროტექნიკა უყვარდათ, რაც მკაცრად ავუკრძალე. ავუხსენი, რომ ამით შეიძლება ადამიანს ზიანი მიადგეს, როგორ აწუხებს ხმა ცხოველებს და ასე შემდეგ… ვცდილობ, ახალი წელი აღიქვან, როგორც ბედნიერების მომტანი და არა – ბათქა-ბუთქის…”, – ცნობილი საოპერო მომღერალი – თამარ ივერი საქართველოსა და ევროპაში გატარებული ახალი წლის მოგონებებს “კვირის პალიტრას” უზიარებს და მის ოჯახში დამკვიდრებული საახალწლო ტრადიციების შესახებ საუბრობს…
– თამარ, რა საახალწლო ტრადიციები გაქვთ ოჯახში?
– ახალ წელს ძალიან გვიყვარს სადმე გასვლა… მაგალითად, ავსტრიაში ვხვდებოდით, ვინაიდან მე ვენაში ვცხოვრობ. ასევე, ტრადიცია გვქონდა, იტალიაში შევხვედროდით, სანამ იქ ჩემი მეუღლის დედა ცხოვრობდა და ბავშვები ბებიასთან ჩაგვყავდა. წელს რაღაც მიზეზების გამო, ახალ წელს ქვეყნიდან არ გავსულვართ.
– საზღვარგარეთ ქართულ საახალწლო ტრადიციებს იცავდით? მაგალითად, გოზინაყს აკეთებდით?
– ჩემი დედამთილი, სანამ იტალიაში ცხოვრობდა, საახალწლოდ სულ ქართულ გარემოს ქმნიდა, გოზინაყსაც ამზადებდა და სხვა რამესაც, მაგრამ ვენაში რომ ჩავდიოდით, იქ ნამდვილად არ ვაკეთებდით გოზინაყს და მსგავს რამეებს. ძალიან მიყვარს ევროპაში საახალწლო სოფლები, ფანტასტიკურად, ძალიან მაღალ დონეზე იციან ამ ყველაფრის მოწყობა და ამის გამო ჩავდიოდით, საახალწლო, საშობაო სოფლებში ბევრი რომ გვესეირნა.
– საქართველოში როგორ ხვდებით?
– 12 საათის შემდეგ ის ადამიანები მოდიან ჩვენთან, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასები არიან და ვიცით, მხოლოდ დადებითი განწყობა მოაქვთ… თუ არავის სცალია და მოსვლას ვერ ახერხებს, ჩვენ თავად გამოვდივართ და სახლში მეფეხურად შევდივართ, რადგან მერე ვინმე ისეთი შემთხვევითი მომსვლელი არ იყოს მეკვლე, რომელზეც არ გვეცოდინება, რა განწყობით მოდის.
ახალ წელს ყოველთვის შამპანურით, ღვინით ხელში ვეგებებით და აუცილებლად ვლოცულობთ. ძალიან გვიყვარს, ლოცვით რომ ვხვდებით, უკეთესი მომავლისთვის.
– სამზარეულოშიც ფუსფუსებთ?
– საქართველოში როცა ვართ, მაშინ კი ვაკეთებთ საახალწლო კერძებს… ძალიან ვერ დავიტრაბახებ, მაგრამ სამზარეულოში ცოტა რაღაც მეხერხება.
ახალი წელი ბავშვობაში ძალიან მიხაროდა… მახსოვს, ბებია მაღალ ნაძვის ხეს დგამდა, კენწეროში მანდარინებს, შოკოლადებს კიდებდა… თუ კარგად მოვიქცეოდით, ნებას გვრთავდა, ნუგბარი ჩამოგვეღო… ერთხელაც, ბებია სახლში არ იყო, მე და ჩემი ბიძაშვილები ერთმანეთს მხრებზე შევადექით და ასე ვეხმარებოდით ჩამოსაღებად, ვინც მიწვდებოდა… ბოლოს ყველანი გადმოვცვივდით და ზემოდან ნაძვის ხე დაგვეცა.