გახარიას პარტია პარლამენტში "რუსეთის გავლენისგან დაცვის შესახებ" კანონპროექტს შეიტანს
პარლამენტში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია - "საქართველოსთვის" აპირებს "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ" კანონპროექტის შეტანას. ამის შესახებ დღეს, 1 მარტს ამავე პარტიიდან პარლამენტის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ისაუბრა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ხელისუფლება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობრებს.
"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს ეს მტერი ისტორიამ განგვისაზღვრა, ხოლო მეგობრები თავად ავირჩიეთ. ეს არჩევანი გულისხმობს დემოკრატიულ და თავისუფალ განვითარებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის კონსტიტუციით განსაზღვრულ მიზანს...
ხელისუფლება მოქმედებს ამის საპირისპიროდ, „აგენტების“ კანონის სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს; ამ ინიციატივით ხელისუფლება ცდილობს დასვას ტოლობის ნიშანი მეგობრებსა და მტერს შორის...
ეყოთ გამბედაობა, მტერი დაუძახონ რუსეთს და არა ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს/მეგობრებს და ჩვენს ინიციატივას მხარი დაუჭირონ", - თქვა ბექა ლილუაშვილმა.
კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".