რუსი დეპუტატი, რომელიც ყურზე ატრიაჩამოკიდებული უსმენდა პუტინის მიმართვას, "კომუნისტური პარტიის" რიგებიდან გარიცხეს
რუსეთის სამარის რეგიონული სათათბიროს რეგლამენტის კომიტეტმა გამოაცხადა, რომ საჯაროდ გმობს რუსეთის "კომუნისტური პარტიის" დეპუტატის, მიხაილ აბდალკინის საქციელს და პარტიიდან მის გარიცხვას მოითხოვს. ასეთი ინიციატივის მიზეზი გახდა რეგიონული დეპუტატის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ყურზე ატრიაჩამოკიდებული უსმენს ფედერალური ასამბლეისადმი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ყოველწლიურ მიმართვას (დეპუტატი ინსცენირებას აკეთებს ცნობილი რუსული გამოთქმისა вешать лапшу на уши - "ყურებზე ატრიის ჩამოკიდება" - რაც მოტყუებას ნიშნავს).
1 მარტს სამარის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს აბდალკინის "კომუნისტური პარტიიდან" გარიცხვას, ხოლო რეგიონულ პარლამენტში კომუნისტების ფრაქციის ხელმძღვანელი ალექსანდრე სტეპანოვი აბდალკინის სამხედრო სამსახურში გაწვევის წინადადებით გამოვიდა.
თავად მიხეილ აბდალკინმა ტელეგრამის არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის პოლიციაში 1 მარტს გამოიძახეს.
თავდაპირველად აბდალკინის დასჯა სახელმწიფო დუმაში მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ დეპუტატმა ალექსანდრე ხინშტეინმა მოითხოვა.
სახელმწიფო სათათბიროს "კომუნისტური პარტიის" ფრაქციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე იუშჩენკომ აბდალკინის ქმედებას სისულელე უწოდა და პირობა დადო, რომ ეს ქმედება "კომუნისტური პარტიის" ცენტრალური სარევიზიო კომისიის მხრიდან არ დარჩება რეაგირების გარეშე.
ვიდეორგოლი სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა თავად აბდალკინმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პუტინის მიმართვას სამარის რეგიონულ დუმაში "კომუნისტური პარტიის" ფრაქციის ხელმძღვანელობის თხოვნით უყურა. "მე სრულად ვუჭერ მხარს, სრულიად ვეთანხმები, ბრწყინვალე გამოსვლაა. ბოლო 23 წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი მსმენია. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ", - ასეთი კომენტარი გააკეთა აბდალკინმა ვიდეოს თაობაზე.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თითქმის 2 საათის განმავლობაში კითხულობდა ყოველწლიურ მიმართვას, რომელიც წინა გამოსვლების მსგავსად, სავსე იყო მილიტარისტული რიტორიკით და უხვი ანტილიბერალური, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული აქცენტებით.
ნატო, აშშ და უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება პუტინმა დაადანაშაულა თავისი უშუალო ბრძანებით ერთი წლის წინ სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე გაჩაღებულ დამანგრეველ ომში.
21 თებერვალს გაკეთებულ თავის ყოველწლიურ მიმართვაში, პუტინი კვლავ შეეცადა აუდიტორიის დარწმუნებას, რომ უკრაინაში ყველაფერი გეგმის თანახმად მიდის, ხოლო ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება შეუძლებელია.