ელენე ხოშტარიას განცხადებით, შსს და სუს-ი მშვიდობიან დემონსტრანტებს გამოკითხვაზე იბარებენ
სამი პარტიის - „დროას", „სტრატეგია აღმაშენებლის" და „გირჩი - მეტი თავისუფლების" წარმომადგენლებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. როგორც ისინი აცხადებენ, სამართალდამცავი უწყებები 7-9 მარტს „უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს გამოკითხვაზე იბარებენ.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს-მ და სუს-მა დაიწყეს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაბარება გამოკითხვაზე. პირველი, რაც უნდა ვუთხრა ხელისუფლებას: კატეგორიულად გაფრთხილებთ, რომ არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის, იმ ადამიანების დაბარება შსს-ში და დევნაზე ფიქრიც კი, რომლებმაც ამ დღეებში დაიცვეს ევროპული მომავალი.
მეორე, დამნაშავეები ძალადობაში ხართ თქვენ და თუ ვინმე არის დასასჯელი, არიან ის მოძალადე პოლიციელები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს", - განაცხადა პარტია „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიციური პარტიები მოქალაქეებს დახმარებას ჰპირდებიან.
„მესამე, მინდა მივმართო აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, რომლებსაც დაგიბარებენ შსს-სა და სუს-ში, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე, რომელსაც მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ. მოგვმართეთ და ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს დაცვას, - თქვა ხოშტარიამ და დაამატა, - მეოთხე, არავინ არ ჩათვალოს, რომ ამ ადამიანებს თქვენ დაერევით ცალ-ცალკე. ჩვენ ყველა ვართ ერთად გავერთიანდით იდეის გარშემო, რაც არის ამ ადამიანების დაცვა. ამიტომ, თქვენ თუ ასე გააგრძელებთ, მიიღებთ კიდევ უფრო მძაფრ აქციას, სადაც იქნება საჭირო - შსს-სთან თუ სუს-თან".
12 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს შსს-ს, პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პარლამენტთან აქციებზე დაკავებულ იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს და აცხადებენ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მათი გათავისუფლება არ გულისხმობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას.
2023 წლის 2-3 მარტსა და 7-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 169 პირი დააკავა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ყველა პირის მიმართ, რომელთა საქმეებიც ამ დრომდე სასამართლოს არ განუხილავს, შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
მათ მიმართეს პროკურატურას - გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროკურორის პროტესტით მიმართვის შესაძლებლობა, რათა გაუქმდეს სასამართლოს მიერ დაჯარიმების შესახებ მიღებული დადგენილებები.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კი სთხოვეს უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ძალადობისა და სხვა შემთხვევების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.
7 მარტს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონპროექტი. კანონპროექტი უმრავლესობის ნაწილმა - "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა, თუმცა მას მხარს უჭერდა მმართველი პარტია "ქართული ოცნება". ამ დოკუმენტის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას, აგენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირებულიყო.
ამ პროცესს მოჰყვა რამდენიმე დღიანი მასშტაბური აქცია თბილისსა და დანარჩენ საქართველოშიც, რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია.