დანილოვი ჩინეთის „სამშვიდობო გეგმის“ რეალიზაციას რუსეთის კაპიტულაციაში ან უკრაინიდან ჯარების გაყვანაში ხედავს
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი დარწმუნებულია, რომ ჩინეთის „სამშვიდობო გეგმის“ რეალიზაციისთვის საჭიროა რუსეთმა უკრაინის ომში კაპიტულაცია გამოაცხადოს ან თავისი ჯარი გაიყვანოს ქვეყნის ტერიტორიიდან. ამის შესახებ დანილოვი ტვიტერზე წერს.
„სამშვიდობო გეგმის“ წარმატებული რეალიზაციის ფორმულა. პირველი და მთავარი პუნქტი - კაპიტულაცია ან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანა გაეროს დადგენილებით საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით“, - წერს დანილოვი.
დღეს მოსკოვში სახელმწიფო ვიზიტით ჩაფრინდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური სი ძინპინი. თანამდებობაზე მესამედ არჩევის შემდეგ, ეს მისი პირველი უცხოური ვიზიტია.
გამოცემა Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ჩინეთის ლიდერმა შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკოს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრაზე, სავარაუდოდ, „ასე თუ ისე“ განხილული იქნება უკრაინის საკითხი და ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივა.
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი პოზიცია „უკრაინის კრიზისის“ პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ. თუ პირველივე პუნქტი შესაძლოა, აღქმული იყოს უკრაინის მხარდაჭერად, მეორე პუნქტი რუსეთის ინტერესებს ეხმიანება.
კიევს პირდაპირ არ უთქვამს უარი ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივაზე, თუმცა აღინიშნა, რომ ემხრობიან თავიანთ წინადადებას, რომელიც უკრაინიდან რუსეთის სამხედრო ძალის სრულად გაყვანას ითვალისწინებს.
ჩინეთს არ დაუგმია რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის, ხმა არ მიუცია გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამის რეზოლუციებისთვისაც. ანალიტიკოსების თქმით, დასავლეთის სანქციების პირობებში რუსეთის ეკონომიკის სტაბილურობა დიდწილად დამოკიდებულია ჩინეთის პოზიციაზე. ამასთან ჩინეთმა აშშ და დასავლეთი დაადანაშაულა უკრაინაში კონფლიქტის პროვოცირებაში. ამავდროულად პეკინმა ოფიციალურად არ აღიარა ყირიმისა და უკრაინის რეგიონების ანექსია და მედიის ცნობით, კრემლს აგრძნობინა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა.
სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გაავრცელა ცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ.