ინგუშეთში უცნობმა პირებმა უსაფრთხოების ძალებს ცეცხლი გაუხსნეს, ერთი პოლიციელი დაიჭრა
ერთი კვირის განმავლობაში მეორედ, უცნობმა პირებმა ინგუშეთში ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის პოსტს, სადაც ხელში დაიჭრა ერთი პოლიციის თანამშრომელი.
„კავკაზ.რეალიის“ ცნობით, თავდასხმა მოხდა 3 აპრილს მალგობეკის რაიონში, სადაც გამოცხადდა კონტრტერორისტული საფრთხე და გადაისროლეს დამატებითი ძალები. მაგრამ თავდამსხმელები, სავარაუდოდ 4 მამაკაცი, ლურჯი ფერის „ვაზ-ის" ავტომობილით მიიმალნენ.
ბოლო კვირის განმავლობაში უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმის ეს უკვე მესამე შემთხვევაა მღელვარე ჩრდილოეთ კავკასიაში.
28 მარტის ღამეს უცნობმა პირებმა ინგუშეთის ნაზრანის რაიონში პოლიციის პოსტს ცეცხლი გაუხსნეს, ორი პოლიციელი დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა რესპუბლიკის სამი მკვიდრი, რომლებიც ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილნი.
ასევე 28 მარტს, გვიან საღამოს, ჩეჩნეთის ქალაქ გუდერმესში საოლქო პოლიციის დეპარტამენტს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.
წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები ინგუშეთის სანომრენიშნიან მანქანაში ისხდნენ.
ქალაქში ჩავიდა ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი, რომელმაც განაცხადა, რომ სპეცოპერაციის დროს საპასუხო ცეცხლით ორი თავდამსხმელი იქნა ლიკვიდირებული.