უკრაინის გენშტაბი: გასულ 24 საათში მოგერიებულია რუსეთის 45-ზე მეტი შეტევა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 32 საავიაციო და 2 სარაკეტო დარტყმა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. გენშტაბის თანახმად, ეს-300 ტიპის 2 რაკეტა მოხვდა ქალაქ სლავიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით სულ მცირე 40-ჯერ დაცხრილა თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, ტექნიკის და პირად შემადგენლობაში დიდი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 45-ზე მეტი შეტევა.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები კვლავ ვერ ახერხებენ სრული კონტროლის დამყარებას დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე. ამას ადასტურებს ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW). მისი მონაცემებით, რუსეთის ჯარები განაგრძობენ სახმელეთო შეტევას ბახმუტსა და მის შემოგარენში, თუმცა, გასულ 24 საათში, 12 აპრილს ქალაქში რაიმე წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, 11 აპრილის მდგომარეობით, რუსეთის ძალები აკონტროლებდნენ ბახმუტის სულ მცირე 76.5%-ს.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.
ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.