უცხოელმა ჟურნალისტებმა ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს რუსეთს
300-ზე მეტმა უცხოელმა ჟურნალისტმა, რომლებიც სხვადასხვა დროს მუშაობდნენ მოსკოვში, ღია წერილით მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. წერილში ისინი გამოვიდნენ მოწოდებით, Wall Street Journal-ის კორესპონდენტ ევან გერშკოვიჩს მოეხსნას ჯაშუშობის ბრალდება და ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.
წერილს ხელს აწერს 301 ჟურნალისტი 22 ქვეყნიდან, რომელთაგან ბევრი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა რუსეთში. მათ შორის არიან New York Times-ის ყოფილი თანამშრომლები ენდრიუ კრამერი, ბილ კელერი და ჯონ კამპფნერი, The New Yorker-ის მთავარი რედაქტორი დევიდ რემნიკი, ედვარდ ლუკასი The Economist-იდან, The Guardian-ის კორესპონდენტები შონ უოლკერი და ლუკ ჰარდინგი, სხვადასხვა ბრიტანული გაზეთების კორესპონდენტი ტომ პარფიტი, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ყოფილი თანამშრომელი დევიდ სატერი და სხვები.
„ჩვენ ყველანი ვმუშაობდით რუსეთში უცხოელ კორესპონდენტებად, ზოგი რამდენიმე თვე, ზოგი - ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ შეძრწუნებული და შეძრული ვართ ჩვენი კოლეგის, ევან გერშკოვიჩის, დაპატიმრებით და მისთვის წაყენებული ბრალდებებით.
ინფორმაციის მოძიების გამო, ის რომც ეწინააღმდეგებოდეს პოლიტიკურ ინტერესებს, ევანი დამნაშავე ან ჯაშუში კი არა, არამედ ჟურნალისტია. ჟურნალისტიკა არ არის დანაშაული. ევან გერშკოვიჩის დაკავება აგზავნის შემაშფოთებელ და საშიშ სიგნალს რუსეთის მიერ დამოუკიდებელი მედიის უგულებელყოფის შესახებ და ცხადყოფს ახალგაზრდა, ნიჭიერი და პატიოსანი ჟურნალისტის ბედის მიმართ გულგრილობას“, - ნათქვამია წერილში.
Wall Street Journal-ის კორესპონდენტი მარტის ბოლოს დააკავეს ეკატერინბურგში. სასამართლოს გადაწყვეტილებით ის მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ჟურნალისტს „საქმეზე წაასწრეს“, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება. ფსბ-მ განაცხადა, რომ გერშკოვიჩმა, სავარაუდოდ, შეაგროვა საიდუმლო ინფორმაცია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს შესახებ. ჟურნალისტი ირწმუნება, რომ უდანაშაულოა. საქმის დეტალები უცნობია.
ცივი ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტი დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით. შეერთებული შტატების ხელისუფლება, საერთაშორისო ჟურნალისტური გამოცემები და რუსი დამოუკიდებელი ჟურნალისტები ადრეც გამოვიდნენ გერშკოვიჩის გათავისუფლების მოთხოვნით.