საფრანგეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნიკოლა სარკოზის სააპელაციო საჩივარი
საფრანგეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის სააპელაციო საჩივარი კორუფციის ბრალდებასთან დაკავშირებით. 68 წლის პოლიტიკოსი 2021 წლის მარტში დამნაშავედ ცნეს ქრთამის აღებასა და გავლენის ბოროტად გამოყენებაში. მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მათგან ორი - პირობით.
სარკოზი საფრანგეთის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც რეალური პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ის ციხეში არ მოხვდება. სააპელაციო სასამართლომ პოლიტიკოსს უფლება მისცა, შინაპატიმრობაში გაატაროს რეალური პატიმრობის ერთი წელი. მისი მოძრაობების გასაკონტროლებლად ელექტრონული სამაჯური გამოიყენება, იუწყება გაზეთი Le Parisien-ი.
საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ სარკოზის გასამართლება მოითხოვა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე - ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის რეჟიმისგან უკანონო დაფინანსების მიღების შესახებ. ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს. ის კვლავაც პოპულარული პოლიტიკოსია საფრანგეთში, აღნიშნავს France 24.