პრიგოჟინი საუბრობს პუტინის ჩარევაზე კონფლიქტში "ვაგნერსა" და კადიროვის გარემოცვას შორის
რუსული გასამხედროებული დაჯგუფების, "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინისა და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გარემოცვას შორის კონფლიქტი განხილულ იქნა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ მოწვეულ უშიშროების სხდომაზე - ამ განცხადებით 3 ივნისს პრიგოჟინი გამოვიდა, მისი პრესსამსახურის მიერ ტელეგრამით გავრცელებულ შეტყობინებაში.
საქმე ეხება გამონათქვამებს, რომლებითაც 1 ივნისს გამოვიდნენ კადიროვის ნათესავი, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ადამ დელიმხანოვი, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე, მაგომედ დაუდოვი და სპეცრაზმ "ახმატის" მეთაური, აპტი ალაუდინოვი. მათ პრიგოჟინი გააკრიტიკეს დიდი დანაკარგების და რუსეთის ჩინოვნიკების მიმართ კრიტიკის გამო, დელიმხანოვმა "ვაგნერის" მეთაურს ურჩია დაენიშნა "საათი და ადგილი", სადაც მას "აუხსნიდნენ რაც არ ესმის". დაუდოვმა პრიგოჟინს შესთავაზა "პირადად შეხვედრა" და "კაცური დალაპარაკება".
იმავე დღეს განცხადებით გამოვიდა "ვაგნერის" მეთაური, დმიტრი უტკინი. მისი თქმით, დაქირავებული მებრძოლები მზად არიან "კაცური ლაპარაკისთვის", რადგან კადიროვის გარემოცვას "ჯერ კიდევ ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომებიდან" იცნობენ. ვარაუდობენ, რომ ეს იყო მინიშნება იმაზე, რომ უტკინი და ჩეჩნეთის ომის ვეტერანი "ვაგნერელები" მაშინ იბრძოდნენ დელიმხანოვის და დაუდოვის წინააღმდეგ, რადგან ეს უკანასკნელები სეპარატისტების მხარეს იყვნენ.
პრიგოჟინი 1 ივნისს გამოვიდა შემრიგებლური განცხადებებით. ახლა კი ამბობს, რომ მას კადიროვმა დაურეკა და ისინი შეთანხმდნენ, რომ ამ ამბავს "დაამუხრუჭებენ". ვითარებაში პუტინის ჩარევის დეტალები პრიგოჟინს არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ არაფერს იტყვის დელიმხანოვის და დაუდოვის განცხადებებზე, რადგან "ჩემგან ნებისმიერი პასუხი შეიძლება აღიქვან ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებადო".
პრიგოჟინის თქმით, კადიროველებთან კონფლიქტი გააჩაღა "კრემლის ერთ-ერთმა კოშკმა", რომელსაც "არ ესმის რას სჩადის", "რუსეთის სახელმწიფოს ნგრევისას" თავისი სახიფათო თამაშებით.
კრემლს ამ ვითარებაზე განცხადება არ გაუვრცელებია. პუტინი უშიშროების საბჭოს წევრებს შეხვდა 2 ივნისს, თუმცა ოფიციალური მონაცემებიდან არ ჩანს, რომ შეხვედრაზე განიხილეს კონფლიქტი "ვაგნერსა" და გროზნოს შორის.