კრემლის კრიტიკოსს, პოლიტპატიმარ ნავალნის ციხეში შეუსრულდა 47 წელი
კრემლის ხმამაღალ კრიტიკოსს, რუსეთის ყველაზე გავლენიან ოპოზიციონერსა და პოლიტიკურ პატიმარს, ალექსეი ნავალნის, 4 ივნისს ციხეში, სამარტოო საკანში შეუსრულდა 47 წელი - მისი მომხრეების მოწოდებების ფონზე, დაბადენის დღე გამოყენებული იყოს ნავალნის ბრძოლისთვის ხაზგასასმელად.
ნავალნის, საერთო ჯამში, 11.5 წლით უწევს პატიმრობა, სხვადასხვა ბრალდებით - პირობით გათავისუფლების წესების დარღვევისთვის, სასამართლოსადმი დაუმორჩილებლობისთვის და გაფლანგვისთვის. ბრალდებებს თავად ნავალნი და მისი მომხრეები უარყოფენ და უწოდებენ პოლიტიკურად მოტივირებულს.
ნავალნი ამჟამად სადამსჯელო, სამარტოო საკანშია მოსკოვიდან აღმოსავლეთით, ვლადიმირის რეგიონში მდებარე კოლონიაში.
"როგორც ყოველთვის, ჩემს დაბადების დღეზე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვისაც ცხოვრებაში შევხვედრივარ. კარგ ადამიანებს, რომლებიც დამეხმარნენ და ახლაც მეხმარებიან. ცუდებს, იმისთვის, რომ მათთან ჩემმა გამოცდილებამ რაღაც მასწავლა. მადლობა ჩემს ოჯახს იმისთვის, რომ ყოველთვის ჩემს გვერდითაა" - დაწერა ნავალნიმ ტვიტერით.