არჩევნები ესპანეთში: ეგზიტ პოლები მემარჯვენე პარტიებს უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას
ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ორმა გამოკითხვამ მემარჯვენე ცენტრისტულ „სახალხო პარტიას“ უწინასწარმეტყველა გამარჯვება. ეგზიტ პოლების თანახმად, მთავრობის ფორმირებისთვის მას დასჭირდება რადიკალური მემარჯვენე პარტია Vox-ის ხმები.
ესპანეთში საყოველთაო არჩევნები კვირას გაიმართა. საარჩევნო უბნები ქვეყნის უმეტეს ნაწილში ადგილობრივი დროით 20:00 საათზე (თბილისის დროით 22:00 საათზე) დაიხურა. შუაღამემდე ყველა ხმის დათვლაა დაგეგმილი.
Sigma Dos-ის გამოკითხვის თანახმად, „სახალხო პარტია“ 145-დან 150-მდე მანდატს იღებს. GAD3 პარტიას 150 მანდატს უწინასწარმეტყველებს. ეს შედეგები საკმარისი არ იქნება 350-ადგილიან კონგრესში (ქვედა პალატა) აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად. მმართველ სოციალისტურ მუშათა პარტიას გამოკითხვები დაახლოებით 120 ხმას ანიჭებენ.
ხმების 11 პროცენტის დათვლის შედეგები აჩვენებს, რომ სოციალისტები იღებენ 128 მანდატს, ხოლო სახალხო პარტია 122-ს. წინასწარი შედეგებით, მემარცხენეებმა 154 მანდატი მიიღეს, ხოლო მემარჯვენეებმა - 153.
წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები რიგგარეშეა. ის დეკემბერში იყო დაგეგმილი, მაგრამ მაისის მუნიციპალურ არჩევნებში მისი პარტიის წარუმატებლობის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა დაითხოვა პარლამენტი და ახალი არჩევნები დანიშნა ზაფხულისთვის.
კონგრესის დეპუტატების გარდა, ესპანელები ირჩევენ პარლამენტის ზედა პალატის, სენატის 208 დეპუტატს. 18:00 საათის მდგომარეობით, აქტივობა 52 პროცენტზე ოდნავ მეტი იყო, თითქმის 4 პროცენტული პუნქტით ნაკლები, ვიდრე 2019 წლის არჩევნებზე, აღნიშნავს გაზეთი El País-ი.