აშშ-მა სანქციები დააწესა რამზან კადიროვის დედისა და „არტეკის“ წინააღმდეგ
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა ანექსირებულ ყირიმში მდებარე ბავშვთა საერთაშორისო ბანაკ „არტეკსა“ და ასევ რუსეთის 11 მოქალაქეს, მათ შორის ჩეჩნეთის მეთაურის დედას, აიმანი კადიროვას.
გარდა ამისა, სანქციები ქვეშ მოხვდნენ ბანაკ „არტეკის“ დირექტორი, კონსტანტინ ფედორენკო, ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელი მუსულმან ხუჩიევი, ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა კომისარი მანსურ სოლტაევი და ასევე კალუგის, ბელგოროდისა და როსტოვის რეგიონების ბავშვთა ომბუდსმენები.
ვაშინგტონი ირწმუნება, რომ განახლებული სანქციების სიაში მოხვედრილი პირები ჩართულნი არიან უკრაინელი ბავშვების უკანონო გაყვანაში რუსეთსა და უკრაინის იმ რეგიონებში, რომლებსაც კიევი არ აკონტროლებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ამერიკული მხარის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. "ეს („არტეკი“) რომ ყოფილიყო არასრულწლოვანებისთვის სქესის შეცვლის ბანაკი ან ტრანსგენდერი თემების გამოცდილების გაზიარების ადგილი, ვაშინგტონი მას მრავალმილიონიანი გრანტებითა და ყველა სახის ჯილდოები ნომინაციებით წალეკავდა",-წერს ზახაროვა ტელეგრამში.
2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე