დონის როსტოვში, დრონით თავდასხმის რაიონში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადეს
როსტოვის ოლქის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქალაქის საგანგებო სიტუაციების კომიტეტმა მიიღო. საგანგებო რეჟიმი ვრცელდება დონის როსტოვის ცენტრში მდებარე პუშკინის ქუჩის იმ ნაწილზე, სადაც დრონით შეტევის შედეგად დაზიანებულია 3 საცხოვრებელი სახლი. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, 100-მდე დაზარალებულ მოქალაქეს დროებითი საცხოვრებელი შესთავაზეს.
როსტოვის ოლქის გუბერნატორ გოლუბევის თანახმად, 7 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათისთვის დონის როსტოვში ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელმაც ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო - ერთი ქალაქის დასავლეთ ნაწილში, მეორე კი, ცენტრში, პუშკინის ქუჩის რაიონში. გოლუბევის ინფორმაციით, დაშავდა 1 ადამიანი.
რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა დონის როსტოვის ცენტრში მომხდარი აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები და ცნობები, რომ ეს ადგილი რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბის მახლობლად მდებარეობს.
დონის როსტოვი რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ყველაზე დიდი ქალაქი და სამხრეთის ფედერალური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია.
7 სექტემბერს, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ბრიანსკის და მოსკოვის ოლქებზეც.
ბოლო რამდენიმე თვეა რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე თითქმის ყოველდღე ხდება დრონებით თავდასხმა. მოსკოვი „კიევის რეჟიმს“ ადანაშაულებს „ტერაქტების მცდელობაში“. უკრაინის ხელისუფლება, როგორც წესი, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის ცალკეულ შემთხვევებს უკომენტაროდ ტოვებს.