ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთმანეთს 5 ოქტომბერს, გრანადაში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
„17 სექტემბერს, ფაშინიანმა განაცხადა, რომ გრანადაში შეხვედრის დროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოეწერება, თუმცა იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დაისადგურებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს მთიან ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა, ხოლო მეორე დღეს ოფიციალურმა ბაქომ თქვა, რომ ოპერაცია დაასრულა და აღადგინა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა.