ლაზარე გრიგორიადისს 2 წლის წინ მამის დაჭრის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ განაჩენი გამოიტანა საქმეზე, სადაც 2023 წლის მარტის აქციების მონაწილეს, ლაზარე გრიგორიადსს ბრალად ედება მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრა ცივი იარაღით და მისი მანქანის დაზიანება. სასამართლომ გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო 2021 წელს მომხდარ ფაქტზე და წელიწადნახევარიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ლაზარე გირგორიადისს ამ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე გირაო ჰქონდა შეფარდებული. მან პირველივე სასამართლო სხდომაზე დანაშაული აღიარა. რაც შეეხება დაზარალებულ ბექა გრიგორიადისს, მას საქმის განხილვისას პრეტენზია არ ჰქონდა ბრალდებულის მიმართ და სასამართლოსგან მის დასჯას არ ითხოვდა. დღეს სასამართლოზე ლაზარე გრიგორიადისის მამამ დარბაზიდან განაცხადა, რომ ინციდენტისას "ძალიან მთვრალი იყო და ბავშვი არაფერ შუაში იყო". მოსამართლემ ის წესრიგის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
როგორც გრიგორიადისის ადვოკატი, ლიკა ბითაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება განპირობებულია ამავე სასამართლოში მიმდინარე სხვა სისხლის სამართლის საქმის წარმოებით, რომლის ფარგლებშიც გამოძიება 21 წლის გრიგორიადისს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმას და სამართალდამცველების ავტომობილის დაწვას ედავება. ბითაძე თვლის, რომ ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობა ხსნის იმ რისკს, რომ თუკი ამ საქმის განილვა სასამართლოში 9 თვეში არ მორჩებოდა, რაც წინასწარ პატიმრობაში ყოფნის მაქსიმალური ვადაა, გრიგორიადისს განაჩენის გამოტანამდე ციხის დატოვება მოუწევდა.
ლაზარე გრიგორიადისის ნასამართლეობის ფაქტს მის საწინააღმდეგო მტკიცებულებად იყენებდა მისი დაკავების შემდეგ როგორც ხელისუფლების მიმართ ლოალურად განწყობილი მედია მისი დაკავების პირველ დღეებში, ასევე პროკურატურა საქმის განხილვისას სასამართლოში.
გრიგორიადისი პოლიციამ მარტის აქციებზე დანაჩაულის ჩადენის ბრალდებით 29 მარტს დააკავეს. წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა მას წლის ბოლოს, 29 დეკემბერს ეწურება.