კოსოვო: სერბეთის ჯარების თავმოყრა ჩამოჰგავს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში შეჭრის წინ
გასულ კვირაში შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ თვალყურს ადევნებს კოსოვოს საზღვრის გასწვრივ სერბეთის ჯარების თავმოყრის საგანგაშო პროცესს, რაც რეგიონის დესტაბილიზაციას იწვევს. ნატომ განაცხადა, რომ კოსოვოში დამატებითი სამშვიდობო ძალების გაგზავნის სანქციას იძლევა.
„უკანასკნელ წლებში არასოდეს ყოფილა ჯარების ასეთი კონცენტრაცია“, - განაცხადა 2 ოქტომბერს კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დონიკა გერვალა-შვარცმა Deutschlandfunk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
სერბეთსა და კოსოვოს შორის დაძაბულობა ბოლო დღეებში გამწვავდა. ის მოჰყვა კოსოვოს ერთ-ერთ სოფელში მომხდარ სისხლიან შეტაკებებს.
კოსოვოს სერბთა მთავარი პარტიის მაღალჩინოსანმა, მილან რადოიჩიჩიმ, გასულ კვირაში აღიარა, რომ ორგანიზება გაუწია და მონაწილეობა მიიღო მოვლენებში, რომლებმაც გამოიწვია ბოლო შეტაკებები პოლიციასთან და რომლებიც მოხდა კოსოვოში, მართლმადიდებლური ტაძრის ტერიტორიაზე. შეტაკებებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
მისი ადვოკატის მიერ ბელგრადში, 29 სექტემბერს წაკითხულ განცხადებაში რადოიჩიჩი ამბობს, რომ მან "პირადად განახორციელა ლოგისტიკური მზადება" და დასძენს, რომ სერბეთის მთავრობამ არაფერი იცოდა იმაზე, რაც ხდებოდა.