სომხეთმა უარი თქვა ყარაბაღის თაობაზე რუსეთის მიერ შეთავაზებულ კომპრომისზე - პუტინი
რუსეთი 15 წელი სთავაზობდა სომხეთს ბაქოსთან კომპრომისზე წასვლას- ყარაბაღის ხუთი რაიონის დაბრუნებას და ორი თავისთვის დატოვებას , მაგრამ ერევანმა უარი განაცხადა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვალდაის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პუტინს არ უთქვამს, თუ რომელ ორ რეგიონზე იყო საუბარი.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თვითგამოცხადებულ მთიან ყარაბაღში წესრიგის აღდგენა დროის საკითხია.
მთიან ყარაბაღში რუსულ კონტინგენტს, პუტინის თქმით, მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგის ამოცანა ასრულებს.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რეგიონის დაკავებულ ყოფილ ლიდერებთან დაკავშირებით, ბაქო ჰუმანიტარული სამართლის ინტერესებით იხელმძღვანელებს.
ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს 19 სექტემბერს, აზერბაიჯანის არმიის სამხედრო ოპერაციას მთიან ყარაბაღში. ევროპარლამენტარები განცხადებაში აზერბაიჯანის ქმედებებს გაუმართლებელ და წინასწარ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ, სომხების მასობრივ იძულებით წასვლას კი ეთნიკურ წმენდას ადარებენ.
2023 წლის 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი.
28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი“ (არცახი) არსებობას შეწყვეტს 2024 წლის 1 იანვრიდან.