პუტინი აშშ-ის პოლიტიკას აბრალებს ახლო აღმოსავლეთში "ვითარების გამწვავებას"
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, შაბათს ისრაელზე რადიკალური პალესტინული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდახმის შემდეგ მომხდარს პირველად გამოეხმაურა.
ერაყის პრემიერ-მინისტრთან მოჰამედ ალ სუდანისთანან შეხვედრაზე მან წუხილი გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში „ვითარების მკვეთრი გამწვავების“ გამო და მომხდარი აშშ-ის პოლიტიკასთან დააკავშირა.
"ვფიქრობ ბევრი დამეთანხმება, რომ ეს ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების პოლიტიკის მარცხის მაგალითია, სურდათ დარეგულირების საკითხის მონოპოლიზება, მაგრამ სამწუხაროდ, ორივე მხარისთვის მისაღები კომპრომისების ძიებით არ იყვნენ დაინტერესებული, პირიქით, ავითარებდნენ თავის წარმოდგენებს იმის შესახებ ეს როგორ უნდა მომხდარიყო, ორივე მხარეზე ზეწოლას ახდენდნენ“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ასევე თქვა, რომ საჭიროა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულება დამოუკიდებელი სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესახებ.
მანამდე პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ურთიერთობას ინარჩუნებს როგორც პალესტინელებთან, ასევე ისრაელთან და გეგმავს კონფლიქტის მოგვარებაში ძალისხმევას.
7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ხმელეთიდან შეიჭრა ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ისრაელის არმიამ კონტროლი აღადგინა ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორთან მდებარე ყველა დასახლებულ პუნქტზე.
ალ ჯაზირას თანახმად "ჰამასმა" მუსულმანურ სამყაროს პალესტინელების მხარდასაჭერად "ტოტალური მობილიზაციისკენ" მოუწოდა და განაცხადა, რომ მძევლების გაცხაზე საობარი არ იქნება საომარი მოქმედებების შეწვეტამდე, ისრაელის მონაცემებით "ჰამასის" ტყვეობაში სავარაუდოდ 100-დან 150 ადამიანამდე იმყოფება.
9 ოქტომბერს ისრაელის სამხედრო სარდლობამ ღაზის სექტორის სრული ალყის ბრძანება გასცა. შედეგად შეწყდა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები 2.3 მილიონი ადამიანისთვის საკვების, წყლის, საწვავის და სხვა საქონლის მიწოდება.
ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას ურჩია, საბრძოლო მოქმედებების ზონა ეგვიპტის საზღვართან მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტით დაეტოვებინა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს პუნქტი დაკეტილია.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო მონაცემებით პალესტინის მხარეს დაღუპულია 765 ადამიანი, 4000 კი დაშავებული.
შაბათს ისრაელზე რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმას 1008 ისრაელელი ემსხვერპლა და 3418-ზე მეტი დაშავდა.