მარნეულში არასრულწლოვანმა ბავშვი გააჩინა - შსს-მ გამოძიება დაიწყო
მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში არასრულწლოვანმა ბავშვი გააჩინა - ამის შესახებ სამართალდამცველებს სამშობიარომ შეატყობინა. გამოძიება ამ ეტაპზე სისხლის სასამართლის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯერჯერობით უცნობია დაემატება თუ არა გამოძიებას სხვა მუხლებიც, როგორიცაა ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა.
სამოქალაქო აქტივისტის, თოზუ გულმამედლის ინფორმაციით 14 წლის გოგო ბოლნისის სოფელ ნახიდურში ცხოვრობდა. ნახიდურის სკოლის დირექტორი, კახი ჩუბინიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბავშვი მათ სკოლაში დმანისის ერთ-ერთი სოფლის სკოლიდან გადავიდა 2022 წლის მაისში და მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ირიცხებოდა მათ სკოლაში. მან არ იცის, გააგრძელა თუ არა ბავშვმა მათი სკოლიდან წასვლის შემდეგ სწავლა სხვა რომელიმე სკოლაში.
"2022 წლის დეკემბერში ბავშვის დედამ მოგვმართა განცხადებით, რომ ოჯახი საზღვარგარეთ მიდიოდა საცხოვრებლად და ბავშვი წყვეტდა სწავლას ჩვენს სკოლაში. გუშინ იყო პოლიცია ჩვენთან მოსული, წაიღეს ყველა დოკუმენტი" - უთხრა რადიო თავისუფლებას ნახიდურის სკოლის დირექტორმა. ის განმარტავს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მხრიდან საკმაოდ ხშირია ბავშვების სკოლიდან გაყვანა ამ არგუმენტით.
2022 წელს საქართველოში 5 508 ბავშვმა შეწყვიტა სკოლაში სწავლა ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის გამო.