ლუისტონში 20-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებენ
პოლიცია განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლუისტონში მომხდარ მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ძებნას. მენის შტატის სიდიდით მეორე ქალაქსა და მის შემოგარენში მიმდინარე ოპერაციის გამო, დღეს, 26 ოქტომბერს, არ იმუშავებენ ლუისტონსა და მის მახლობლად მდებარე სკოლები და ოფისები.
25 ოქტომბერს ლუისტონის ერთ-ერთ რესტორანსა და ბოულინგ-კლუბში ცეცხლსასროლი იარაღით, სულ მცირე, 22 ადამიანი მოკლა და ათეულობით დაჭრა კაცმა, რომელმაც დანაშაულის ადგილიდან მიმალვა შეძლო.
პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილია 40 წლის რობერტ ქარდი, რომელიც აშშ-ის არმიის რეზერვშია და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის სერტიფიცირებული ინსტრუქტორია. ტელეკომპანია CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცოტა ხნის წინ, რობერტ ქარდი ეროვნული გვარდიის ერთ-ერთ ობიექტზე სროლით იმუქრებოდა და ასევე, აცხადებდა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მათ შორის გაურკვეველი ხმები ესმის.
ლუისტონის პოლიციამ ეჭვმიტანილის ფოტო სოციალური ქსელებით გაავრცელა და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ის შეიარაღებული და საშიშია.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქ ლუისტონის და მისი შემოგარენის მცხოვრებთ მოუწოდა, სანამ თავდამსხმელის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა მენის შტატის გუბერნატორს და კონგრესში ამ შტატის წარმომადგენლებს და ფედერალურ დონეზე სრული მხარდაჭერა შესთავაზა.