რუსეთმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ოფიციალურად წაუყენა ბრალი უცხოეთის აგენტების კანონის დარღვევაში
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 26 ოქტომბერს დააკონკრეტა ბრალდება რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ჟურნალისტის, ალსუ კურმაშევას მიმართ - ჟურნალისტი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება მას მერე, რაც ის დააკავეს უცხოეთის აგენტად დაურეგისტრირებლობის ეჭვის საფუძველზე.
საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, კურმაშევას ბრალი ედება უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მონაკვეთით. ეს მონაკვეთი მიემართება უცხოეთის აგენტებს, რომლებიც ახორციელებენ "მიზანმიმართულ შეგროვებას ინფორმაციისა რუსეთის სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური აქტივობების შესახებ", და თუ ეს ინფორმაცია უცხოეთის წყაროების ხელში მოხვდება, ის "შესაძლებელია გამოყენებული იყოს ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ".
საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, მისი გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კურმაშევა არ შეიყვანა უცხოეთის აგენტების სიაში, და ჟურნალისტს არ წარუდგენია საამისო დოკუმენტები.
კურმაშევა ბრალდებას უარყოფს.
ალსუ კურმაშევა ოჯახთან ერთად პრაღაში ცხოვრობდა, და იყო რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი. ის აშშ-სა და რუსეთის ორმაგი მოაქალაქეა, და რუსეთში ოჯახური მიზეზების გამო ჩავიდა მაისში.
კურმაშევა დროებით დააკავეს 2 ივნისს, როცა ყაზანის აეროპორტიდან გაფრენას ელოდა, და მას ორივე პასპორტი ჩამოართვეს.
11 ოქტომბერს კურმაშევა 10 000 რუბლით ($ 103) დააჯარიმეს იმის გამო, რომ მან თავისი აშშ-ის პასპორტი რეგისტრაციაში არ გაატარა რუსეთში - იუწყებოდა ადგილობრივი მედია.
18 ოქტომბერს კურმაშევა კვლავ დააკავეს, უცხოეთის აგენტად დაურეგისტრირებლობის გამო - დანაშაულის, რომელიც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 23 ოქტომბერს მას სასამართლომ 5 დეკემბრამდე მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა.
კურმაშევას დაპატიმრებას კრიტიკის ტალღა მოჰყვა უფლებადამცველებისგან და პოლიტიკოსებისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი მოასწავებს რუსეთში ცენზურის გადასვლას კიდევ უფრო მძიმე, ომის პერიოდის ეტაპზე.
RFE/RL-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯეფ გედმინმა "ღრმა იმედგაცრუება" გამოხატა სასამართლოს 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამო და გამოვიდა ჟურნალისტის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც შეშფოთება გამოხატა ჟურნალისტის დაკავებაზე და მასთან საკონსულოს თანამშრომელთა დაშვება ითხოვა.
რუსეთს ადანაშაულებენ ამერიკელების დაკავებაში საიმისოდ, რომ ისინი გაიცვალონ აშშ-იში დაკავებულ რუსებზე. კიდევ ერთი ამერიკელი ჟურნალისტი, Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი მარტიდან იმყოფება პატიმრობაში ჯაშუშობის ბრალდებით, რომელსაც თავად ის და მისი გამოცემა გადაჭრით უარყოფენ.