ისრაელის ქვეითმა ჯარმა ღაზის ცენტრალურ ნაწილში განახორციელა რეიდი
ისრაელის ქვეითი ჯარის ნაწილებმა ავიაგამანადგურებლების და დრონების მხარდაჭერით განახორციელეს ღამის მიზანმიმართული რეიდი ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში.
ამის შესახებ 27 ოქტომბერს იტყობინება ისრაელის არმია, რომელიც რეგიონში შესვლისთვის ემზადება.
„ამ ოპერაციის ჩარჩოებში არმიის თვითმფრინავებმა და არტილერიამ დარტყმები განახორციელეს „ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ობიექტებზე შუჯაიეს რაიონში და ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე“, - მოჰყავს AFP-ს არმიის განცხადების ფრაგმენტი.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა "ჰამასმა" ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ.
კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 6000-ზე მეტი ადამიანი.
„ჰამასს“ მძევლად ჰყავს 200-ზე მეტი ადამიანი.
გაეროს თანახმად, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა და ისრაელის ავიადარტყმების და ბლოკადის გამო, ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.