სახელმწიფო მშობიარე ქალს აყვანილი ექიმისა და გაუტკივარების ხარჯებს დაუფარავს
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მშობიარე ქალს აყვანილი ექიმისა და გაუტკივარების ხარჯებსაც დაუფარავს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აუცილებელია შესაბამისი კლინიკა ჩართული იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.
"მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს. ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს", - აღნიშნულია უწყების პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ საყოველთაო დაფინანსების ფარგლებში მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები 1222 ლარი გახდა.
"რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან ე.წ. VIP პალატის მომსახურებას, აღნიშნული სერვისები სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება", - წერია ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.