სააკაშვილი: შეხლა-შემოხლა იყო "პოროშენკოს თამაში და პროვოკაცია"
პოლიციის დიდი რაოდენობის ფონზე, დემონსტრანტებმა კიევის ცენტრში ჩაიარეს, დამოუკიდებლობის მოედნის მიმართულებით - ადგილის, სადაც 2013-2014 წლებში ერთთვიანმა საპროტესტო აქციებმა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის დამხობა მოიტანა. დემონსტრანტებიდან ბევრი ოპოზიციის ლიდერის და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი იყო. მოგვიანებით დემონსტრანტებმა სცადეს შეჭრილიყვნენ საკონცერტო დარბაზში, რომელიც დამოუკიდებლობის მოედანთან მდებარეობს - მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა მათ უთხრა, რომ იქ აპირებდა თავისი შტაბბინის ამოქმედებას, თუმცა საქმეში პოლიცია და სპეცრაზმი ჩაერთო და მათ არ მისცა შენობაში შეღწევის საშუალება. შენობის წინ უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დემონსტრანტებს სააკაშვილმა სიტყვით მიმართა და მოუწოდა შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და თავიდან აერიდებინათ "პროვოკაციები". უკრაინის პოლიციის განცხადებით, საკონცერტო დარბაზში ბავშვები იმყოფებოდნენ. პოლიციამ დემონსტრანტებს მოუწოდა თავი შეიკავონ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისგან.