„35 გავრილოვი“, „მხეიძე - სირცხვილი“, „გადაგვავგდე, გადაგაგდებთ, ივანიშვილო“ - ქუთაისში სპროტესტო აქცია გაიმართა
საქართველოს პარლამენტში დღევანდელი კენჭისყრის შედეგს, რომლის მიხედვითაც, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზნით „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულმა საკონსტიტუციო ცვლილებამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, ხელისუფლების ტყუილი უწოდა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი გველესიანმა:
„მონებს შორის ყველაზე გამორჩეული მონების აჯანყების არავის სჯერა. ეს არის დადგმული სპექტაკლი, რომ დაპირება არ შესრულებულიყო. მოვითხოვთ, გადადგეს მთავრობა. მათ გავრილოვის ღამის შემდეგ მეორედ მოგვატყუეს და სულში ჩაგვაფურთხეს. ამას არ ვაპატიებთ, აქციები გაგრძელდება, ვიდრე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავალთ“.
ქუთაისში გამართული აქციის მონაწილეთა თქმით, ხელისუფლება მატყუარაა და კანონის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ მის გადასაყენებლად.
„გადაგვაგდე, გადაგაგდებთ, ივანიშვილო“, „35 გავრილოვი“ და „მხეიძე - სირცხვილი“ - ამ შინაარსის პლაკატები ეჭირათ ხელში აქციის მონაწილეებს.
14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.
კანონპროექტს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 წინააღმდეგ წავიდა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა. რეგისტრაცია 141 დეპუტატს ჰქონდა გავლილი.
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის, არჩევნებისთვის გაუქმებაზე დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.