"რუსთავი 2-ის" საქმის განმხილველი მოსამართლეების დედების ისტორია გრძელდება - ლალი ფაფიაშვილის დედა სამართალდამცველებმა დაკითხეს
რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი კიდევ ერთი მოსამართლე, რომელზეც შესაძლოა ზეწოლას პროკურატურა ახდენდეს - საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის თამაზ ურთმელიძის და მისი დედის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ნათია გუჯაბიძისა და მისი დედის გახმაურებული ისტორიების შემდეგ, რუსთავი 2-ისთვის ცნობილი ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ლალი ფაფიაშვილის დედის ისტორია გახდა.
ლალი ფაფიაშვილის დედა ტატიანა ახვლედიანი ნოტარიუსია. ის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკითხვაზე პროკურატურაში იმყოფებოდა. რუსთავი 2-ს ინფორმაცია ტატიანა ახვლედიანმა რამდენიმე მცდელობის შემდეგ ინტერვიუში საუბრის დროს დაუდასტურა.
ტატიანა ახვლედიანის განცხადებიდან ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმე მინდობილობის გაყალბების ფაქტზე აღიძრა და ამ საქმეში მისი სანოტარო ბიურო ფიგურირებდა, თუმცა თავად ამბობს, რომ ის არა დანაშაულის თანამონაწილე, არამედ მსხვერპლი იყო.
მოსამართლე ფაფიაშვილი კი ზეწოლას გამორიცხავს და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. ფაფიაშვილი ამბობს, რომ თუ დედამ ტატიანა ახვლედიანმა დანაშაული ჩაიდინა, ის პასუხისგებაში აუცილებლად მიეცემოდა.
ლალი ფაფიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეებს შორისაა, ვინც სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ უკვე განხილული რუსთავი 2-ის საქმე, ხელახლა განსახილველად პლენუმში გადააგზავნა და ტელევიზია დღემდე ელოდება, შარშან შეტანილ საჩივარზე სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ავტორი: ნოდარ მელაძე.