"არჩევნებში ხმის მიცემა პოლიტიკური პარტიის მიმართ გაკეთებული საჩუქარი არ არის,"- გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის გააქტიურებისკენ მოუწოდებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, სახელმწიფო ეფექტურად მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა ამომრჩეველი ხმის მიცემით პოლიტიკოსს პასუხისმგებლობას აკისრებს და შემდეგ კონტროლს ახორციელებს მის საქმიანობაზე.
,,სახელმწიფო ეფექტიანად მუშაობს მაშინ, როცა ამომრჩეველი ხმის მიცემით პასუხისმგებლობას აკისრებს პოლიტიკოსს და შემდეგ კონტროლს ახორციელებს მის საქმიანობაზე. არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ გაკეთებული საჩუქარი არ არის. თუ არ მიიღებ მონაწილეობას არჩევნებში, შენს თავს ართმევ უფლებას იყო ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე,"-აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
განცხადება პრეზიდენტმა დღეს ამბროლაურში გააკეთა, სადაც კამპანია - "შენი ხმა ჩვენი მომავლის" ფარგლებში საზაფხულო სკოლას ეწვია. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს არჩევნებში მონაწილეობის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას.
პროექტი საქართველოს 8 ქალაქში ახალგაზრდული საზაფხულო სკოლების მოწყობას ითვალისწინებს, ერთ-ერთი ასეთი ბანაკი სწორედ ამბროლაურში მოეწყო.